ქართული ოცნება აპირებს მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მათივე მტკიცებით, საზოგადოებას "ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს". ეს უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში ბრიფინგზე თქვა.
ის ამბობს, რომ კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება.
მდინარაძე ამტკიცებს, რომ ისინი უნდა დაუპირისპირდნენ "არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდას" და ისეთი მაგალითები მოჰყავს, რომელიც სრულად ემთხვევა რუსული პროპაგანდის ნარატივს.
მდინარაძეს არ აუხსნია რას მოიცავს საკანონმდებლო ჩარჩო, თუმცა მისი რიტორიკიდან გამომდინარე, ეს შეგვიძლია დავუკავშიროთ რუსეთსა და უნგრეთში არსებულ ანტი-ლგბტ კანონებს.
"საპარლამენტო უმრავლესობას მიაჩნია, რომ პროპაგანდას აქტიურად უნდა დავუპირისპირდეთ და ამისათვის საკანონმდებლო მექანიზმებიც უნდა გამოვიყენოთ. შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს. კანონპროექტი უახლოესი 2 კვირის განმავლობაში მომზადდება და დაინიცირდება პარლამენტში. კანონპროექტში სრულად იქნება დაცული საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული პრინციპები და ნორმები.
კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლებები ძალიან პრინციპულად უნდა იყოს და იქნება დაცული, განურჩევლად ცხოვრების წესისა, თუმცა, არატრადიციული ცხოვრების წესის მიზანმიმართული პროპაგანდა არის ის, რასთან დაპირისპირებაც არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოების და მისი მომავლის წინაშე. ყველა, ვინც გრძნობს პასუხისმგებლობას ამ ღირებულებების წინაშე, ვალდებულია და მოვუწოდებთ აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში, მხარი დაუჭიროს ამ ინიციატივას, რომელიც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ არის მიმართული"- ამბობს მდინარაძე.
მდინარაძე ირწმუნება, რომ ეს "ცენზურის დაწესება არ იქნება".
"თქვენ რომ ცენზურას ეძახით, თავისუფალი აზრის გამოხატვას რომ ეძახით ლგბტ პროპაგანდას, ჩვენ ასე არ მიგვაჩნია, ქართულ საზოგადოებას არ მიაჩნია ასე. პირიქით, ვფიქრობთ, რომ ხელოვნებას და მსგავს საკითხებს არ უნდა შევეხოთ, თუ კი სადმე იქნება აშკარა პროპაგანდა ლგბტ საკითხების, ფსევდოლიბერალური ლიბერალური ღირებულებების... მოდი ვიმსჯელოთ ერთად, როგორ დავიცვათ ამისგან ჩვენი მომავალი თაობა. უნდა აიკრძალოს აშკარად პროპაგანდა, რაც უნდა გავარჩიოთ ხელოვნების ნიმუშებისგან, თავისუფალი სიტყვისაგან, ადამიანის უფლებებისაგან"- ამბობს ის.
ჯერ კიდევ გასული წლის მაისში, პრორუსული ძალადობრივი ჯგუფი ალტ-ინფო ოცნებას ანტი-ლგბტ კანონპროექტის მიღებისკენ მოუწოდებდა. მაშინ ოცნებაში ამბობდნენ, რომ მსგავსი კანონის მიღება არ განიხილებოდა, თუმცა ოცნებასთან აფილირებულ ჯგუფებში ამ საკითხზე აქტიურად საუბრობდნენ.
დისკრიმინაციული კანონები, რომლებსაც "ლგბტ პროპაგანდის" საწინააღმდეგო კანონებს უწოდებენ, მიღებულია რუსეთსა და უნგრეთში. უფლებადამცველი ორგანიზაციები და მემარცხენე ჯგუფები აკრიტიკებენ აღნიშნულ კანონებს. აშშ-სა და ევროკავშირში კი ცვლილებებს დისკრიმინაციულსა და ადამიანის უფლებების შემლახველს უწოდებენ.